დღე: ივნისი 2, 2018

ფოთში მცხოვრებ დევნილებს სამედიცინო გამოკვლევები ჩაუტარდათ

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ორგანიზებითა და სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობის ხელშეწყობით  ფოთში მცხოვრებ აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირებს უფასო სამედიცინო გამოკვლევები ჩაუტარდათ.

სამედიცინო აქციაში თანამედროვე აპარატურით აღჭურვილი სხვადასხვა პროფილის ექიმთა ჯგუფი მონაწილეობდა, რომლის შემადგენლობაში ოჯახის ექიმი, თერაპევტი, პედიატრი, კარდიოლოგი, ნევროლოგი, ენდოკრინოლოგი, ქირურგი, უროლოგი, ოფთალმოლოგი, ოტორინოლარინგოლოგი, დერმატოლოგი, ონკოლოგი, ულტრასონოგრაფიის აპარატურით აღჭურვილი 2 სპეციალისტი შედიოდნენ.

ექიმებთან კონსულტაციების შემდეგ დევნილ პაციენტებს, საჭიროების შესაბამისად, ულტრასონოსკოპიური გამოკვლევა (მუცლის ღრუს, ფარისებრი ჯირკვლის, სარძევე ჯირკვლის), ელექტროკარდიოგრაფია და C ჰეპატიტის სკრინინგი ჩაუტარდათ. ასევე, ექიმის დანიშნულების შესაბამისად უფასო მედიკამენტები გადაეცათ.

გამოკვლევები მთელი დღის მანძილზე მალთაყვის დევნილთა კომპაქტურ ჩასახლებაში მიმდინარეობდა.

კომპაქტურ ჩასახლებაში სამედიცინო გამოკვლევების მიმდინარეობას გაეცნენ და დევნილ მოსახლეობას შეხვედნენ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია, ფოთის მერის მოადგილე გიორგი ფარეშიშვილი და სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობის ხელმძღვანელი ალექსანდრე ჩიკვაიძე .

მათ ახლადგახსნილი საბავშვო ბაღის შენობაც დაათვალიერეს.